სიახლეები:

შემოდგომის ერთი დღე პანსიონატში

02 ნოე 2018

შემოდგომის ერთი დღე პანსიონატში - იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ინიციატივით, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში, კიდევ ერთი თემატური ღონისძიება გაიმართა. თბილისის 207-ე და 48-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, პროგრამა „ორი თაობის" ფარგლებში, თათარა მოადუღეს და ჩურჩხელები ხანდაზმულებთან ერთად ამოავლეს. ღონისძიებაში სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი თათია ხოჭოლავა ჩაერთო.
როგორც ცნობილია, დანაშაულის პრევენციის ცენტრი აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ხანდაზმულთა პანსიონატთან, რომლის ბენეფიციარების მხარდასაჭერად პროგრამა - „ორი თაობა" მიმდინარეობს. პროგრამა ხელს უწყობს  ახალგაზრდებში  უფროსი თაობის მიმართ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას. სკოლის მოსწავლეები ხანდაზმულებს ყოველკვირეულად სტუმრობენ და  მათ ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარებიან.