სიახლეები:

სასწავლო ვიზიტი „ცოდნის კაფეში“

05 ნოე 2018

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ლაგოდეხისა და თელავის SKYE კლუბის წევრები სასწავლო ვიზიტით  ქალაქ წნორის სოციალურ საწარმო -„ცოდნის კაფეს" ეწვივნენ. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ სოციალურ საწარმოს, დაათვალიერეს ახალგაზრდული სივრცე და ბიბლიოთეკა.
სოციალური საწარმოს ხელმძღვანელებმა საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით ჩაატარეს ტრენინგი სოციალური მეწარმეობის შესახებ; კლუბის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია სოციალური მეწარმეობის მნიშვნელობის, რეგულაციებისა და საქართველოში ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ.
ტრენინგის დასასრულს ახალგაზრდებმა გუნდურად იმუშავეს იმ იდეებზე, რომლის განხორციელების საჭიროებასაც ხედავენ საკუთარ თემსა თუ ქალაქში, რომ ადგილობრივ დონეზე თავად დაგეგმონ და განახორციელონ სოციალური პროექტები. ღონისძიებაში თელავიდან და ლაგოდეხიდან 30-მდე ახალგაზრდა ჩაერთო.
„ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი" (SKYE კლუბი) სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და World Vision საქართველოს წარმომადგენლობის ერთობლივი პროგრამაა. ის პილოტურ რეჟიმში თბილისში, რუსთავში, ლაგოდეხში, გორში, რუსთავსა და ბათუმში მიმდინარეობს. კლუბები ოთხი ძირითადი სასწავლო მიმართულებით მუშაობენ: აქტიური მოქალაქეობა, ლიდერობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, სოციალური მეწარმეობა.