სიახლეები:

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, საჩხერის საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის სერვისებიც იქნება ხელმისაწვდომი

19 ოქტ 2018

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 57-ე საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ საჩხერეში გახსნა. თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა.
იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრები, ძირითადად, ორიენტირებული არიან ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე. ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. საჩხერის საზოგადოებრივი ცენტრი პირველი საზოგადოებრივი ცენტრია, სადაც მოსახლეობისთვის იუსტიციის სახლის, სოფლის მეურნეობის, განათლების სამინისტროებისა და კერძო სტრუქტურების სერვისების მიღების გარდა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მხრიდან პრობაციონერთათვის მომსახურებაც იქნება შესაძლებელი.
პრობაციის ოფიცრების საზოგადოებრივ ცენტრებთან ინტეგრირება იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებაა. ეს ყოფილ პატიმრებსა და პრობაციონერებს საშუალებას მისცემთ, ყოველგვარი ფსიქოლოგიური დისკომფორტის გარეშე მიიღონ საჭირო მომსახურება და სერვისისათვის მიმართონ იმავე ინფრასტრუქტურას, რასაც მიმართავს მოქალაქე, რომელსაც პასპორტის ან დაბადების მოწმობის აღება სურს და პრობაციონერი არაა. თეა წულუკიანის ინიციატივის მიზანი საზოგადოების მხრიდან ყოფილი პატიმრებისა და პრობაციის სერვისების ბენეფიციარების სტიგმატიზაციის სრულად აღმოფხვრაა.
პრობაციის ოფიცრები მოსახლეობას ყველა ახალგახსნილ საზოგადოებრივი ცენტრში მოემსახურებიან. საჩხერის შემდეგ პრობაციის სერვისები ხელმისაწვდომი იქნება დმანისის, ადიგენისა და წნორის საზოგადოებრივი ცენტრებში.
საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის საჯარო სერვისი, რომლებიც იუსტიციის სახლებში გაიცემა, ასევე; კომპანია „მაგთისა" და „ლიბერთი ბანკის" მომსახურება.
იუსტიციის მინისტრმა საჩხერის მოსახლეობასა და სტუმრებს ახალი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, ქალაქის მერი ბენო ფალავანდიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები, მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა.
საჩხერის საზოგადოებრივი ცენტრი რიგით მეორეა, რომელიც აღნიშნულ მუნიციპალიტეტში გაიხსნა. ქალაქ საჩხერის საზოგადოებრივი ცენტრი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 10 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება. საბანკო სერვისებით, მობილური ოპერატორის საშუალებით 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სტუმრებიც ისარგებლებენ.
ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში მოეწყო უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ საჩხერეში სამი საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ბავშვებს საშუალებას მისცემს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა და ინტერნეტის საშუალებით მიიღონ მათთვის საინტერესო უახლესი ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე, რის შესაძლებლობასაც ისინი მოკლებული იყვნენ.
პირველ საგანმანათლებლო ღონისძიებას საზოგადოებრივმა ცენტრმა გახსნის დღესვე უმასპინძლა. გამოფენაზე სახელწოდებით „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა", რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნა, სტუმრებმა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული, 1918-21 წლების ამსახველი ისტორიული ფოტო- და დოკუმენტური მასალები დაათვალიერეს. საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ თემატურ გამოფენას წელს გახსნილი ყველა საზოგადოებრივი ცენტრი უმასპინძლებს.
შენობის გახსნის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ სახალისო ვიქტორინა ჩატარდა, გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი საზეიმო კონცერტი გაიმართა.
დღეისათვის, საჩხერის გარდა, უკვე 56 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს: ზეინდარში, შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ლაჯანაში, ბარალეთში, კუმურდოში, წალკაში, კოხნარში, ბაკურიანში, თბილისში (გლდანში), მეორე სვირში, ფასანაურში, ჯგალში, ლანჩხუთში, აწყურში, სანიორე-ნაფარეულში, ზედა საზანოსა და ლესიჭინეში.