სიახლეები:

ევროკავშირის ელჩი რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს

31 ოქტ 2018

აღდგენითი მართლმსაჯულება, ბავშვთა საუკეთესო ინტერესებზე მორგებული არასრულწლოვანთა კოდექსი კოდექსი, მედიაციის ინსტიტუტი, რეფერირების სისტემა 14 წლამდე ბავშვებისათვის - იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით გატარებულ რეფორმებს ევროკავშირის ელჩი მაღალ შეფასებას აძლევს.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰერცელმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგები შეაჯამეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში რასან ხალილი და გაერო-ს ბავშვთა კომიტეტის თავმჯდომარე და პროექტ "EU4Justice”-ის ხელმძღვანელი რენატა ვინტერი.
კონფერენციაზე იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებულ წარმატებულ რეფორმასა და მის შედეგებზე იმსჯელეს.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ღონისძიების გახსნისას განაცხადა, რომ საქართველომ სწორედ გატარებული რეფორმების შედეგად მიიღო ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი", რომელმაც ახალგაზრდებს ცხოვრების თავიდან დაწყებისა და საკუთარი შეცდომების გამოსწორების საშუალება მიეცა. თეა წულუკიანის თქმით, რეფორმების წარმატების საფუძველი ახალი მიდგომები და პრინციპები გახდა, რომელთაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი აწესებს 18 წლამდე ბავშვების მართლმსაჯულების სფეროში. აღნიშნული რეფორმები ევროკავშირის, საქართველოს მთავრობისა და „UNICEF"-ს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის შედეგია.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი მიდგომის ძირითადი კომპონენტია აღდგენითი მართლმსაჯულებისა და მედიაციის უპირატესობა, რაც წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიულ მიდგომას. რეფორმის შედეგად შესაძლებელი გახდა მართლმსაჯულების სისტემიდან ბავშვის გადამისამართება ისეთი ალტერნატიული გზებით, როგორიცაა არასაპატიმრო სასჯელი − განრიდება, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა და სხვ. შედეგად, ბავშვების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს დაკისრებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, მათი დიდი ნაწილი რეაბილიტაციასა და საგანმანათლებლო პროგრამებით სარგებლობს.
არასრულწლოვანთა განრიდების შემთხვევაში სოციალური მუშაკი ეხმარება არასრულწლოვან დამნაშავეს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაცვლად დაკისრებული ალტერნატიული სასჯელის აღსრულებაში; განრიდების პირობების ამოწურვის შემდეგ კი, ბავშვს აღარ აქვს ნასამართლობა.
რეფორმების პერიოდში განრიდების პროგრამით 3000-ზე მეტმა ბავშვმა ისარგებლა; მნიშვნელოვნად შემცირდა პატიმარი ბავშვების რაოდენობა; განმეორებით ჩადენილმა დანაშაულმა შეადგინა 9%; 2000-ზე მეტი პროფესიონალი მოსამართლე, პროკურორი, სასჯელაღსრულებისა პრობაციონერთა პერსონალი სპეციალიზდა და მომზადდა არასრულწლოვნებთან მუშაობის კუთხით; გაიზარდა სოციალური მუშაობის ელემენტი. ბავშვთა ინდივიდუალური საჭიროებები სისხლის სამართლის საქმის ყველა ეტაპზე ფასდება.
იუსტიციის სამინისტრო მუშაობს არასრულწლოვანთა რეფერალური სისტემის შექმნაზე 14 წლამდე მოზარდებისთვის. მომზადებული ცვლილებების მიხედვით, დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბაზაზე შეიქმნება ბავშვთა რეფერირების ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს რეფერირების პროცესის კოორდინაციას. რეფერირების პროცესში ცენტრთან ერთად ჩაერთვებიან შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, რომლებიც რთული ქცევის მქონე ბავშვის იდენტიფიკაციის შემდეგ მას გადაამისამართებენ ბავშვთა რეფერირების ცენტრში. ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესწავლის შემდგომ უზრუნველყოფილი იქნება მისი (საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, ოჯახის წევრის) შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვა.
ღონისძიების ბოლოს რუსთავის საქალაქო სასამართლოში სპეციალური სივრცის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც არასრულწლოვანთათვის მოეწყო. ამიერიდან სისხლის სამართლის პროცესში ჩართულ ბავშვებთან ამ, მათთვის მეგობრულ სივრცეში იმუშავებენ სპეციალიზებული, არასრულწლოვანთა საქმეებზე მუშაობის გამოცდილების მქონე პროფესიონალები.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ევროკავშირის საელჩო საქართველოში საინფორმაციო კამპანიას იწყებს.