სიახლეები:

„გაიცანი შენი მომავალი პროფესია" - პროექტში 11 ბენეფიციარი მონაწილეობდა

09 ნოე 2018

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ერთობლივი სასწავლო პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა. პროექტში მედიაციის სახლის 11 ბენეფიციარი და 7 მოხალისე მასწავლებელი მონაწილეობდა. ცენტრის დირექტორმა თათია ხოჭოლავამ პროგრამის მონაწილე ბენეფიციარებს სერტიფიკატები, ხოლო მოხალისე პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა.
პროექტის - „გაიცანი შენი მომავალი პროფესია" - მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებისთვის იმ საჭირო ინფორმაციის გაზიარება, რომელიც სასურველი პროფესიის შერჩევაში დაეხმარებათ. პრაქტიკაზე ორიენტირებულ მოკლე სასწავლო კურსს საბაუნის წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები და წარმატებული სტუდენტები უძღვებოდნენ. შემეცნებით-საგანმანათლებლო კურსი მოიცავდა სამართლის, ბიზნესის, ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების თემებს.
ახალი პროექტი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა” და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის ივნისში გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა და 2019 წელსაც გაგრძელდება.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები.