სიახლეები:

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება - შეხვედრა მედიაციის სახლში

16 ნოე 2018

საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას გაეროს ბავშვთა ფონდის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ოფისის მრჩეველი ბავშვთა დაცვის საკითხებში ფენი კაკამა გაეცნო. შეხვედრა მედიაციის სახლში გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორმა თათია ხოჭოლავამ და განრიდების და მედიაციის სამმართველოს უფროსმა ლადო ჯავახიშვილმა სტუმარს რეფორმის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები გააცნეს. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო განრიდების და მედიაციის პროგრამის რეფორმის  საფეხურებს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს, სისხლის სამართლის მედიაციის სიახლეებს და სხვა.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნისთვის წარმოადგენს ერთ შანსს, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობის, სასჯელის გარეშე, დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება და გადადგას ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ.

პროგრამას იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" საერთო სასამართლოების, საქართველოს პროკურატურისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით ახორციელებს.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.