სიახლეები:

იმიტირებული სასამართლო პროცესები სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყო

06 დეკ 2018

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და საქართველოს მთავარი პროკურატურის ერთობლივი საკონკურსო პროექტი - „იმიტირებული სასამართლო პროცესები სკოლის მოსწავლეებისთვის"  დაიწყო. კონკურსი რამდენიმე დღეში დასრულდება და გამარჯვებული სკოლაც დასახელდება. მანამდე კი კონკურსის მონაწილეებისთვის სპეციალური სასწავლო კურსი მიმდინარეობს. მოსწავლეების თეორიულ-პრაქტიკულ მომზადებაზე პროკურორები და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრანტი სტუდენტები მუშაობენ.
პროექტის მონაწილეებმა პრაქტიკოსი პროკურორებისგან მიიღეს ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის საქმიანობის, სისხლის სამართლის პროცესისა და საქართველოში მოქმედ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემაში არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების  შესახებ.
პრაქტიკული სასამართლო უნარ-ჩვევების ტრენინგები კი სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა. აღნიშნულ პრაქტიკულ სასწავლო პროცესში პროექტის მონაწილეებს შეხვდნენ  ამავე უნივერსიტეტის ექვსი მაგისტრანტი სტუდენტი:  დალი ჭურკვეიძე, გიგა დორეული, გიორგი ბჟალავა, ლექსო სვიმონიშვილი და გაგი ჩოხელი.
პროექტის ფარგლებში ნაფიცი მსაჯულების როლი მოირგეს  თბილისის 8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებსაც ნაფიც მსაჯულთა უნარ-ჩვევების შესახებ  ტრენინგი   იუსტიციის სახლში ჩაუტარდათ.
პროექტში თბილისიდან 20 სკოლა და მარნეულის მუნიციპალიტეტიდან 7 საჯარო სკოლა ჩაერთო.
კონკურსში მონაწილე გუნდები სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" აპლიკაციის მიხედვით შეარჩია.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ერთ-ერთი მთავარი მიზანია სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამართლის დარგით, მათში ადვოკატირების უნარ-ჩვევების გამომუშავება, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და სხვა.