სიახლეები:

დასაქმების შესაძლებლობები კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისათვის

19 დეკ 2018

დასაქმების შესაძლებლობები კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისათვის, - ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას" ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ბიზნეს კომპანიებისა და მართლმსაჯულების სექტორში მომუშავე საჯარო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მოეწყო დასაქმების პორტალის პრეზენტაციაც, რომელიც იანვრიდან სრულად ამოქმედდება.  
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციაზე და ამ მიმართულებით კერძო სექტორის ჩართულობასა და სამომავლო თანამშრობლობის შესაძლებლობებზე. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლადო ჯავახიშვილმა  ბიზნესის წარმომადგენლებს ცენტრის საქმიანობა გააცნო. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო განრიდება-მედიაციისა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამებს. კერძო სექტორის წარმომადგენლები დაინტერესდნენ მსჯავრდებულებისა და ყოფილი მსჯავრდებულების რეაბილიტაციის პროცესში სახელმწიფოს როლითა და არსებული გამოცდილებით. ბიზნესის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში". პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით ხელი შეეწყოს პროფესიულ გადამზადებასა და დასაქმებაში როგორც განრიდებულ ახალგაზრდებს, ისე ყოფილ მსჯავრდებულებს.