სიახლეები:

ყოფილ პატიმრებს საახალწლო ნობათები გადაეცათ

27 დეკ 2018

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ბენეფიციარებს საახალწლო ნობათები გადაეცათ. სასაჩუქრე კალათები თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახებზე გადანაწილდა. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლადო ჯავახიშვილი ბენეფიციარებს შეხვდა, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათები გადასცა.
ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას  სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. პროგრამაში ყოფილი პატიმრების ჩართვა ნებაყოფლობითია. მათი მომართვის შემდეგ თითოეულ ბენეფიციართან ინდივიდუალურად მუშაობს სოციალური მუშაკი, რომელიც აფასებს ბენეფიციარის საჭიროებებს და სთავაზობს შესაბამის სერვისებს; ესენია: ფსიქოსოციალური მომსახურება; ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება; პროფესიული უნარების შეძენა და დასაქმების ხელშეწყობა; არაფორმალური განათლება/ტრენინგები; ყოფილი მსჯავრდებულის ოჯახის წევრის მხარდაჭერა; იურიდიული დახმარება, ბიზნესინიციატივების დაფინანსება, ტატუს მოცილება და სხვა.
ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის, ეკონომიკური მხარდაჭერის, დასაქმების ხელშეწყობისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით პირველი სპეციალური სახელმწიფო პროგრამა 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი იმ ყოფილ პატიმრებზე ზრუნვაა, რომლებიც პრობაციის სერვისების მიღმა არიან და სახელმწიფოს მხრიდან რესოციალიზაციის მიზნებისთვის მხარდაჭერას ვერ იღებდნენ. დანაშაულის პრევენციის ცენტრში შექმნილი პროგრამა სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთი პატიმრების დახმარების და მათზე ზრუნვის პირველი პრეცედენტი იყო.