სიახლეები:

მედიაციის სახლში წინასაახალწლო მიღება გაიმართა

28 დეკ 2018

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მედიაციის სახლის ბენეფიციარებისთვის წინასაახალწლო მიღება გაიმართა. მასში სასიცოცხლო უნარების განვითარების პროექტში ჩართული, 14-18 წლის მოზარდები მონაწილეობდნენ. შემეცნებით-გასართობ პროგრამაზე ანიმატორებმა იზრუნეს. ბენეფიციარებს ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. ღონისძიების მიზანი წინასაახალწლო განწყობის შექმნა იყო. სასიცოცხლო უნარების განვითარების პროექტი მედიაციის სახლის ბენეფიციარებისთვის რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მისი მიზანია მოზარდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის სხვადასხვა სასიცოცხლო უნარების განვითარების გზით, მათი დახმარება საკუთარი შესაძლებლობების შეფასებასა და რაციონალურად გამოყენებაში. პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებს მიღებული ცოდნა საკუთარი როლისა და მნიშვნელობის განსაზღვრაში, მომავლის დაგეგმვასა და ცხოვრებისეულ სირთულეების დაძლევაში ეხმარებათ. მოზარდები თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ. ცენტრში ტრენინგ მოდული "სასიცოცხლო უნარების განვითარება მოზარდებში" ორგანიზაცია WorldVision საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებას სოციალურად დაუცველი და ეკონომიურად შეჭირვებული, განათლებისა და ზრუნვის სისტემების მიღმა დარჩენილი არასრულწლოვნები დაესწრნენ. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში ბენეფიციარების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები, შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრები იმართება.