სიახლეები:

„დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ პროგრამა „ბიბლიოთერაპიას“ სერვისის სახით დანერგავს

28 იან 2019

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციარების მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით პროგრამა „ბიბლიოთერაპიას" სერვისის სახით დანერგავს. ამ სერვისით ისარგებლებენ როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი ბენეფიციარები. ბიბლიოთერაპია წარმოადგენს  ჯგუფური მუშაობის მეთოდს, რომელიც  ჩარევის/ზემოქმედების საშუალებად ლიტერატურას ან მხატვრულ მეტაფორას იყენებს. წიგნით/ლიტერატურით თერაპია  ბენეფიციარებს საკუთარი პრობლემის ამოცნობასა და ცხოვრებისეული სირთულეების დროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ. შემეცნებით-სარეაბილიტაციო სერვისის დანერგვამდე სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელებმა, სოციალურმა მუშაკებმა, ფსიქოლოგებმა და ახალგაზრდულმა მუშაკებმა შესაბამისი ტრენინგი გაიარეს. „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრის" (GCRT) ფსიქოლოგმა ანა ჟღენტმა ცენტრის თანამშრომლებს ბიბლიოთერაპიის ტექნიკისა და ეფექტურობის შესახებ  გამოცდილება გაუზიარა. ტრენინგის დასრულების შემდეგ GCRT-მა პროგრამის ტრენინგმოდული სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს" გადასცა.
 
„ბიბლიოთერაპია"  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის" შემადგენელი ნაწილია, რომელსაც „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი" (GCRT) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.