სიახლეები:

პროგრამა „მოხალისე“ განახლდა

07 თებ 2019

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" სსიპ „იუსტიციის სახლთან" ერთად პროგრამა „მოხალისე" განაახლა. მასში 15-დან 21 წლის ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობენ. მოხალისეები იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მოქალაქეების მიღებაში საჭიროების მიხედვით ეხმარებიან. პროგრამის განახლება ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით უფასოდ ჩანაცვლების ერთ თვიან აქციას უკავშირდება.
პროგრამა „მოხალისე" თბილისში აქციის დასრულებამდე გაგრძელდება. პროგრამის დასრულების შემდეგ ყველა მოხალისეს სერტიფიკატი გადაეცემა. მისი მიზანია ახალგაზრდებში მოხალისეობრივი ინიციატივების მხარდაჭერა. მოხალისეებმა თავდაპირველად გაიარეს თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი იუსტიციის სახლში მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ და დაეუფლნენ მოქალაქეთა მიღებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, გაეცნენ იუსტიციის სახლის მუშაობის სტანდარტებს.
როგორც ცნობილია, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიას შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს აქციით, შეცვალოს ძველი დოკუმენტი ახლით და სრულიად უფასოდ მიიღოს პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელიც თანამედროვე, გაუყალბებელი და ევროპული დოკუმენტია. აქცია ვრცელდება საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებზე, რომლებიც ამჟამად ფლობენ ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე, მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა. ბიომეტრიული დოკუმენტი უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა".