სიახლეები:

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

13 თებ 2019

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში სკოლის მოსწავლეებისათვის ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების თემაზე რამდენიმე დღიანი მოსამზადებელი კურსი დაიწყო. შეხვედრების ფარგლებში ახალგაზრდებს მიეწოდებათ ინფორმაცია პროკურატურის საქმიანობისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის სპეციფიკის თემაზე. პროექტი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან" თანამშრომლობით ხორციელდება და მის მიზანს ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მართლწესრიგის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება წარმოადგენს.

სკოლის მოსწავლეებს დასავლეთ საქართველოს ოლქის პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი და ადგილობრივი პროკურორები შეხვდნენ. მონაწილეები მიმდინარე სემინარების ფარგლებში გაეცნობიან: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, სასამართლო პროცესების სპეციფიკას და ბრალდების მხარის როლს.  ასევე, დეტალურად იქნება განხილული შესავალი და დასკვნითი სიტყვა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა. მომზადება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.

პროექტის დასკვნით ეტაპზე კი იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულ გუნდსა და საუკეთესო ინდივიდუალურ მონაწილეს -  ჟიური გამოავლენს. პროექტში 18 სკოლის მოსწავლე მონაწილეობს, რომლებიც  „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მიერ იქნა შეირჩა. საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით მიზნობრივი ღონისძიებების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.