სიახლეები:

თანამშრომლობა ზიანის შემცირების საქართველოს ქსელთან

20 თებ 2019

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ები მსჯავრდებულებისა და ყოფილი მსჯავრდებულებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზების მიზნით აქტიურ თანამშრომლობას ააიპ „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელთან" იწყებენ. სამუშაო შეხვედრა თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა. მას ქსელისა და სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის", სსიპ „პრობაციის ეროვნული სააგენტოსა" და სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამუშაო შეხვედრაზე პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ თათია ხოჭოლავამ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სამომავლო თანამშრომლობის მიზნებია ბენეფიციარებში ზიანის შემცირების მიდგომების მხარდაჭერა, ნარკოტიკების მოხმარებისა და მასთან ასოცირებული დაავადებების პროფილაქტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია, მსჯავრდებულებსა და ყოფილ მსჯავრდებულებში განმეორებითი დანაშაულის რისკის შემცირება და დანაშაულის პრევენცია, ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება.
ქსელის დირექტორმა კახა კვაშილავამ და ამავე ქსელის აივ-პროგრამის დირექტორმა მაკა გოგიამ კი იმ სერვისების პრეზენტაცია გამართეს, რომლებსაც საჭიროების მიხედვით ბენეფიციარებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სთავაზობენ. თავის მხრივ საკუთარი საქმიანობის პრიორიტეტების შესახებ პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის  ცენტრის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს.
ააიპ „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი" ზიანის შემცირების პროგრამას 2006 წლიდან ახორციელებს. ქსელის 16 სერვისცენტრი და 8 მობილური ამბულატორია ყოველწლიურად ათიათასობით ბენეფიციარს ემსახურება.  ქსელის წევრი ორგანიზაციების ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გამოვლენასა და მკურნალობას, კონსულტირებას, უსაფრთხო ინექციასა და შესაბამისი საინფორმაციო საშუალებების უფასოდ გავრცელებას ითვალისწინებს.
სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში  ზიანის შემცირების სერვისებს მიიღებენ პრობაციის ეროვნული სააგენტოს, პენიტენციური სისტემისა და  დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები. სამომავლო თანამშრომლობა „სერვისების მდგრადობის უზრუნველყოფა მაღალი რისკის პოპულაციებისათვის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში" პროექტის მხარდაჭერით დაიგეგმა.