სიახლეები:

ჩრდილოეთ ირლანდიელი ექსპერტის ვიზიტი მედიაციის სახლში

06 მარ 2019

გაეროს ბავშვთა ფონდის მოწვევით საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ჩრდილოეთ ირლანდიელი ექსპერტი ტომას მაკგონილი.  ექსპერტის ვიზიტის მიზანი  ხარისხის უზრუნველყოფის კომპონენტის განვითარების გზით განრიდებისა და მედიაციის მექანიზმის გაძლიერებაა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ექსპერტი იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ლადო ჯავახიშვილს და განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა მედიაციის სახლში გაიმათა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს განრიდების პროგრამების მექანიზმი, განხორციელებული რეფორმები და პროგრამის  შედეგები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები განრიდების პროგრამების განხორციელებასთან კავშირში მყოფი სხვა უწყებების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე პროგრამაზე მომუშავე პრაქტიკოს პროფესიონალებთან. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ექსპერტი ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის განვითარების რეკომენდაციებით საქართველოს მარტის თვის ბოლოს კიდევ ერთხელ ეწვევა.
განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ზოგად მენეჯმენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოებაზე. პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების მხოლოდ 9 პროცენტმა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული, რაც საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის გათვალისწინებით წარმატებული შედეგია. საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.