სიახლეები:

არასრულწლოვანთა თემაზე მომუშავე პროფესიონალების სპეციალიზაცია გრძელდება

13 მარ 2019

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში პროფესიონალთა სპეციალიზაცია გრძელდება. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა", გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურასთან, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ორდღიანი სამუშაო შეხვედრები გამართა. მასში არასრულწლოვანთა თემაზე მომუშავე პროკურორები, სოციალური მუშაკები, მედიატორები და გამომძიებლები  მონაწილეობდნენ. სამუშაო შეხვედრა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორმა ლადო ჯავახიშვილმა გახსნა. მან შეხვედრის მონაწილეებს მიმდინარე ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
არასრულწლოვანთა თემაზე მომუშავე პროფესიონალებმა ინფორმაცია მიიღეს   აღდგენითი მართლმსაჯულების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტების, განახლებული ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის ფორმების, განრიდების მექანიზმის, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესისა და ინდივიდუალური მიდგომების  შესახებ. ამ სამუშაო შეხვედრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი განრიდების პროგრამებისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმის გაძლიერება და ამ კოორდინაციის ფარგლებში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება იყო.
განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოებაზე. პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების მხოლოდ 9 პროცენტმა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული, რაც საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის გათვალისწინებით წარმატებული შედეგია. საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და პროფესიონალთა პერმანენტული სპეციალიზაცია გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.