სიახლეები:

საგრანტო პროგრამები ყოფილი პატიმრებისთვის - ქუთაისი

26 მარ 2019

ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის, ეკონომიკური მხარდაჭერის, დასაქმების ხელშეწყობისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამით, მიმდინარე წელს 34 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა. მათ შორის არიან იმერეთის რეგიონში მცხოვრები ბენეფიციარებიც. საუკეთესო ბიზნესიდეის მქონე ყოფილი პატიმრები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კონკურსის წესით შეირჩნენ. მათზე გაცემული თანხის რაოდენობა (2000-დან 5 ათას ლარამდე) ბიზნესის სპეციფიკაზეა დამოკიდებული. ყოფილი პატიმრები საკუთარი იდეის განხორციელებას შეძლებენ სხვადასხვა მიმართულებით, რომელთა შორისაა სოფლის მეურნეობა, მომსახურება, წარმოება და სხვა. საგრანტო კონკურსში სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბენეფიციარები მონაწილეობენ. პროექტი 2013 წლიდან მიმდინარეობს და ჯამში, 142 ყოფილმა პატიმარმა საკუთარი მცირე ბიზნესიდეის განხორციელება შეძლო.
იმერეთის რეგიონში საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ბენეფიციარებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი ლადო ჯავახიშვილი და პროექტის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ „აფხაზეთის"  წარმომადგენლები შეხვდნენ. ლადო ჯავახიშვილი კონკურსში გამარჯვებულ გოჩა კვარაცხელიას ავეჯის სახელოსნოში ესტუმრა და ადგილზე გაეცნო მის მცირე ბიზნესსაქმიანობას. ასევე, დაათვალიერა მკერავი დავით მოსიაშვილისა და მეთუნუქე ზვიად გვანცელაძის მცირე ბიზნეს საქმიანობა, რომლის გასაძლიერებლად საჭირო ინვენტარი იუსტიციის სამინისტროს გრანტით მიიღეს. ყოფილ პატიმრებს პროგრამაში მონაწილეობისა და კონკურსში გამარჯვების დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცათ.
2019 წელს კონკურში გამარჯვებულები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდნენ: სამეგრელო-ზემო სვანეთში - 13 ბენეფიციარი, იმერეთში - 4, აჭარაში - 2, კახეთში - 2, შიდა ქართლში - 4, ქვემო ქართლში - 1, მცხეთა-მთიანეთში - 2, თბილისში-6.
იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროექტს ყოფილი პატიმრების ბიზნესიდეების დაფინანსებისათვის 2013 წლიდან ახორციელებს. საკუთარი ბიზნესის წამოწყება ყოფილ პატიმრებს ეკონომიკურთან ერთად ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში ეხმარება, მინიმუმამდე ამცირებს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკს, რაც უსაფრთხო გარემოს წინაპირობაცაა. საგრანტო პროგრამას მონიტორინგს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" უწევს.
ყოფილი პატიმრების დასახმარებლად პირველი სპეციალური სახელმწიფო პროგრამა 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი იმ ყოფილ პატიმრებზე ზრუნვაა, რომლებიც პრობაციის სერვისების მიღმა არიან და სახელმწიფოს მხრიდან რესოციალიზაციის მიზნებისთვის მხარდაჭერას ვერ იღებდნენ. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში" შექმნილი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" სახელმწიფო უწყებების მხრიდან ყოფილი პატიმრების დახმარების და მათზე ზრუნვის პირველი პრეცედენტი იყო.