სიახლეები:

ადრეული პრევენცია ბავშვთა ზრუნვის სერვისებში

08 აპრ 2019

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" განაგრძობს პროექტს - „ადრეული პრევენცია ბავშვთა ზრუნვის სერვისებში". ამ პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ქალაქ რუსთავში, ბავშვთა ზრუნვის სერვისებში არასრულწლოვნებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრა ასევე დაეთმო ტრენინგს - „ბულინგი, ბავშვზე ძალადობის პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება". მასში ქალაქ რუსთავში, ბავშვთა ზრუნვის სერვისებში არასრულწლოვნებთან მომუშავე 20 სპეციალისტი ჩაერთო.
დანაშაულის პრევენციის ცენტრის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა  რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან, მათ შორის არასრულწლოვნებთან, მომუშავე სპეციალისტების გადამზადება დანაშაულის პრევენციის მიმართულებით; 2016 წლიდან ცენტრი ახორციელებს პროექტს - „ადრეული პრევენცია ბავშვთა ზრუნვის სერვისებში". პროექტის ფარგლებში ტარდება საგანმანათლებლო-საინფორმაციო  შეხვედრები, საქართველოს სხვადასხვა მხარეში  ბავშვთა ზრუნვის სერვისებში დასაქმებულ არასრულწლოვნებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის. 2018-2019 წლებში გადამზადდა 120-მდე სპეციალისტი. პროექტის ფარგლებში შეხვედრები დედაქალაქის გარდა ჩატარებულია  აჭარის ა/რ, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მდებარე  ბავშვთა ზრუნვის სერვისებში, რომლებიც მოიცავენ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლებს, მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიან თავშესაფარსა და დღის ცენტრებს.