სიახლეები:

აღდგენითი მართლმსაჯულება - საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა

17 აპრ 2019

 თბილისში აღდგენითი მართლმსაჯულების თემაზე ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა. კონფერენციის მთავარი განხილვის თემები იყო საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში გატარებული რეფორმების გაცნობა, აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების პოპულარიზაცია და ევროპული გამოცდილების გაზიარება, სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა. ღონისძიებაში ქართველ პროფესიონალებთან ერთად, მონაწილეობდნენ ევროპის 7 ქვეყნიდან მოწვეული ექსპერტები (ჩრდილოეთ ირლანდია, ჰოლანდია, ნორვეგია, ფინეთი, ბელგია, ავსტრია და ესპანეთი) და 8 ქვეყნის დელეგაცია (უკრაინა, სომხეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ბელორუსი, მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია ჰერცოგოვინა).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორის ლადო ჯავახიშვილის განცხადებით, აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოს წარმატებული საქმიანობის გამოცდილება აქვს „განრიდებისა და მედიაციის პროგრამების" ფარგლებში. მედიაცია კი, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების საუკეთესო ინსტრუმენტი, ასევე, სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. „ცენტრი აქტიურად მუშაობს სისხლის სამართლის მედიაციის განვითარებასა და დანერგვაზე. არასრულწლოვნებში წარმატებული შემთხვევების გათვალისწინებით, უკვე დაწყებულია და ხორციელდება სისხლის სამართლის მედიაცია სრულწლოვნებისთვისაც, მათ შორის არიან პირობითი მსჯავრის მქონე პირებიც", აღნიშნა ლადო ჯავახიშვილმა.
ასევე, პროგრამის მნიშვნელოვან მიმართულებაზე, კერძოდ კი სოციალური სამუშაოს როლზე, სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს" უფროსმა თათია ხოჭოლავამ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიმართულება განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია სოციალური მუშაკების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა და სოციალური სამუშაოს მიმართულების კიდევ უფრო გაფართოება.
კონფერენცია 15-16 აპრილს მიმდინარეობდა. ფორუმის დასრულების შემდეგ კი მონაწილეებისთვის, მათ შორის მედიატორებისა და სოციალური მუშაკებისთვის, პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდა. მას ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტისა და აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული ფორუმის ექსპერტები უძღვებოდნენ.
„განრიდებისა და მედიაციის პროგრამების" ზოგად მენეჯმენტს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმამ, კერძოდ კი განრიდებისა და მედიაციის პროგრამის წარმატებამ, შესაძლებელი გახადა აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების შემდგომი გაფართოება. პროგრამით ისარგებლა 4000-მდე ბენეფიციარმა. ესენი არიან როგორც არასრულწოვანები (14-18 წლის), ისე სრულწლოვნები (18-დან 21 წლამდე ასაკით), ხოლო განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებლი სტაბილურად დაბალია; მედიაციის კონფერენციების საერთო რაოდენობა კი ათასამდე გაიზარდა.
აღდგენითი მართლმსაჯულების მთავარი პრინციპი დაზარალებულის და დამზარალებლის ინტერესების გათვალისწინებაა, იგი მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოებაზე. ღონისძიება ევროკავშირის სასამართლოს მხადაჭერის პროექტის ორგანიზებითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული ფორუმის (EFRJ) ჩართულობით ჩატარდა. #EU4Justice