სიახლეები:

განრიდებისა და მედიაციის პროგრამებს სამი ქვეყნის დელეგაცია გაეცნო

18 აპრ 2019

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და განრიდება-მედიაციის პროგრამების გაცნობის მიზნით თბილისის იუსტიციის სახლში შეხვედრა გაიმართა. სამი ქვეყნის დელეგაციას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს" ხელმძღვანელებმა და პროგრამული მიმართულებების სამმართველოების უფროსებმა უმასპინძლეს.
შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის იუნისეფის საქართველოს ოფისის ინიციატივით გაიმართა.  დელეგაციაში შედიოდნენ უკრაინის, ალბანეთისა და უზბეკეთის როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე იუნისეფის ადგილობრივი ოფისების  წარმომადგენლები.
სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს" უფროსმა თათია ხოჭოლავამ სტუმრებს აღდგენითი მართლმსაჯულების წარმატებული ქართული მოდელისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ერთიანდება ორი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს განრიდების პროგრამებს.  
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლადო ჯავახიშვილმა კი დელეგაციის წევრებს  განრიდების პროგრამების ძირითადი მიზნები და პრინციპები, ასევე შედეგები გააცნო. სტუმრები დეტალურად დაინტერესდნენ აღდგენითი მართლმსაჯულების ქართული მოდელით და გამოცდილების გაზიარების მიზნით სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრებისთვის თბილისის იუსტიციის სახლში გაცნობითი ტური მოეწყო.
განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოებაზე; განრიდება-მედიაციის პროგრამის ზოგად მენეჯმენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. გარდა ამისა, სისხლის სამართლის მედიაცია, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, ამავე ცენტრის საქმიანობის მიმართულებაა. აღსანიშნავია, რომ განრიდების პროგრამებში სოციალური სამუშაო სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს" ვალდებულებაა. საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.