სიახლეები:

ყირგიზეთის დელეგაციის სტუმრობა მედიაციის სახლში

22 აპრ 2019

საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების  რეფორმის წარმატებული შედეგების გასაცნობად მედიაციის სახლს ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია. სტუმრები გაეცნენ საქართველოს გამოცდილებას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის მიმართულებით. ყირგიზეთის დელეგაციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ განრიდების პროგრამების მიღწეული შედეგებით. დელეგაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს" შესაბამისი პროგრამების ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს. სტუმრები დეტალურად დაინტერესდნენ განრიდების პროგრამების მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, განხორციელებული რეფორმებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მნიშვნელობითა და შედეგებით. შეხვედრაზე ყირგიზეთის დელეგაციის წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამების განვითარების მიზნით ამოქმედებული სისხლის სამართლის მედიაციის საპილოტე პროგრამის შესახებ. პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარების მიმართულებით სააგენტოს გამოცდილება და დაგეგმილი სიახლეებიც გაუზიარეს. ყირგიზეთის დელეგაციაში შედიოდნენ ადამიანისა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ექსპერტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.