სიახლეები:

დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ხანდაზმულთა პანსიონატში დასუფთავების აქცია მოაწყო

02 მაი 2019

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ინიციატივით, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ეზოში კეთილმოწყობითი სამუშაოები ჩატარდა. დასუფთავების აქციაში ცენტრის თანამშრომლების გარდა თბილისის 138-ე და 143-ე საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოხალისე მოზარდებმა, ცენტრისა და პანსიონატის თანამშრომლებმა  ეზო და შენობა დაასუფთავეს, ღობეები შეღებეს და მცენარეები მოაწესრიგეს.
ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ხანდაზმულთა პანსიონატთან, რომლის ბენეფიციარების მხარდასაჭერად პროგრამა „ორი თაობა" მეოთხე წელია მიმდინარეობს. პროგრამა ხელს უწყობს  ახალგაზრდებში  უფროსი თაობის მიმართ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას. სკოლის მოსწავლეები ხანდაზმულთა პანსიონატს   ყოველკვირეულად სტუმრობენ და  მოხუცებს ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარებიან. მსგავსი კეთილმოწყობითი აქციებიც პანსიონატში ყოველწლიურად ტარდება.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის მხარდაჭერა, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა და სხვა.