სიახლეები:

ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივები თბილისსა და მცხეთა-მთიანეთში

08 მაი 2019

2019 წელს დაფინანსებულმა, „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ბენეფიციარებმა საკუთარი ბიზნესიდეების განხორციელებას განაგრძობენ. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის" წარმომადგენლებმა ბენეფიციარების საქმიანობას თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაეცნენ. კერძოდ, დავით ჯორჯიაშვილმა ქალაქ თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, სოლოლაკის უბანში საოჯახო ტიპის სასტუმროს მოწყობის მიზნით სარემონტო სამუშაოები დაიწყო; მეთუნუქე ზურაბ ათაქიშვილმა თუნუქის დასამუშავებელი სახელოსნოსთვის საჭირო ხელსაწყოები იყიდა; ზაურ გავაშელიშვილმა და მიხეილ ბარსეგოვმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით საკუთარი საოჯახო ფერმა გააძლიერეს; თამაზ გოგოხიამ სავაჭრო ობიექტის მრავალფეროვნების მიზნით პროდუქცია შეიძინა და მეუღლესთან ერთად  საკუთარ საქმიანობას განაგრძობს; ზურაბ ქავთარაძე სოფელ მუხრანში შემეცნებით-გასართობ ცენტრ „არე-მარეს" მოაწყობს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, ისე დედაქალაქიდან ჩასული სტუმრებისთვის. „არე-მარე" აღიჭურვება სპორტულ-შემეცნებითი ტურებითა და საინტერესო ტრენინგ-სივრცეებით.
ბენეფიციარებმა აღნიშნული ბიზნესიდეების განხორციელება იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერის" ფარგლებში მიმდინარე წელს დაიწყეს. 2019 წელს სულ 34 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა. საუკეთესო ბიზნესიდეის მქონე ყოფილი პატიმრები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კონკურსის წესით შეირჩნენ. მათზე გაცემული თანხის რაოდენობა (2000-დან 5 ათას ლარამდე) ბიზნესის სპეციფიკაზეა დამოკიდებული.
გამარჯვებულები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდნენ: სამეგრელო-ზემო სვანეთში - 13 ბენეფიციარი, იმერეთში - 4, აჭარაში - 2, კახეთში - 2, შიდა ქართლში - 4, ქვემო ქართლში - 1, მცხეთა-მთიანეთში - 2, თბილისში-6. წარმატებული მაგალითების გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრო საგრანტო თანხას ყოველწლიურად გასცემს და, შესაბამისად, უფრო მეტ ყოფილ პატიმარს ეძლევა შესაძლებლობა, წამოიწყოს საკუთარი მცირე ბიზნესი. ეს პროექტი ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის, ეკონომიკური მხარდაჭერის, დასაქმების ხელშეწყობისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით 2013 წლიდან მიმდინარეობს და ჯამში, 142 ყოფილმა პატიმარმა საკუთარი მცირე ბიზნესიდეის განხორციელება უკვე შეძლო. ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერის პროექტი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერვისია.