სიახლეები:

ჰავაის შტატის ექსპერტის ვიზიტი მედიაციის სახლში

20 მაი 2019

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მედიაციის სახლს ჰავაის შტატის ექსპერტი, უფლებადამცველი ლორი ტოჩიკი ესტუმრა. ექსპერტმა ცენტრის თანამშრომლებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება ძალადობის მსხვერპლ და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების გაძლიერების მიმართულებით. სოციალურმა მუშაკებმა, ფსიქოლოგებმა და ახალგაზრდულმა მუშაკებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰავაის შტატში სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვებთან გამოყენებული საუკეთესო პრაქტიკების თაობაზე; გაეცნენ არასამთავრობო ორგანიზაცია EPIC Ohana-ს მუშაობის ინოვაციურ მეთოდოლოგიას, რომელიც  ოჯახების გაძლიერებასა და ბავშვთა და ახალგაზრდების კეთილდღეობის გაუმჯობესებას გულისხმობს. გაიმართა დისკუსია აქტუალურ თემებზე.
ლორი არიალ ტოჩიკი ჰავაის შტატში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია EPIC Ohana-ს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელია. იგი ოცი წლის განმავლობაში ჰავაის უნივერსიტეტში პროფესორისა და დეკანის თანამდებობაზე მუშაობდა. აქვს გამოცდილება ისეთი საკითხების სწავლებაში, როგორიცაა ბავშვი და კანონი, საოჯახო სამართალი და კონსულტირების უნარები.
ლორი ტოჩიკის ვიზიტი საქართველოში პროფესიული პრაქტიკის პროგრამის (PFP) ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.    
EPIC ‘Ohana (EPIC- Effective Planning and Innovative Communication; ‘Ohana-Family) არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს რისკის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებთან. ორგანიზაციის წარმომადგენლები ახდენენ მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების ოჯახების/ნათესავების იდენტიფიცირებას, მათი ადგილ-მდებარეობის განსაზღვრასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესებში მათ ჩართვას; ეხმარებიან ახალგაზრდებს დაგეგმონ მომავალი და წარმატებით გაიარონ პროცესი მინდობით აღზრდიდან დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები.