სიახლეები:

‘’მე და მრავალფეროვანი გარემო’’ - პროექტი 155-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

20 მაი 2019

‘’მე და მრავალფეროვანი გარემო’’ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სსიპ ’’დანაშაულის პრევენციის ცენტრმა’’ ქ. თბილისის N155 საჯარო მოსწავლეებისთვის ჩაატარა. პროექტის მიზანია, მოსწავლეების მიერ ბულინგის გამომწვევი მთავარი მიზეზების გააზრება; ასევე, ადამიანთა შორის ინდივიდუალური განსხვავებების პატივისცემა და იმის გაცნობიერება, თუ რა გავლენას ახდენს დისკრიმინაცია თანატოლების ურთიერთობებსა და სოციალურ გარემოზე.
სამდღიანი პროექტის ფარგლებში, 20-მა მოსწავლემ არაფორმალურ გარემოში მიიღო ინფორმაცია ბულინგის გამომწვევ მიზეზებსა და მათი გადაჭრის გზებზე. პირველი დღე პროექტის თეორიულ ნაწილს დაეთმო, სადაც ტრენერებმა IX-X კლასის მოსწავლეებს გააცნეს, თუ რამდენად ინდივიდუალური აღქმა აქვს თითოეულ მათგანს და რა  შედეგი შეიძლება მოჰყვეს განსხვავებული ნიშნით ადამიანის გარიყვას; მეორე დღეს მოსწავლეები ესტუმრნენ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრს, სადაც თემატური ფილმის ჩვენება და ამ ფილმის შესახებ დისკუსია გაიმართა. მესამე, დასკვნით დღეს კი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია სივრცეში გამართული შეხვედრის თემები იყო გუნდური შეჭიდულობა, ერთობა და ბულინგის პრევენცია.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" საჯარო და კერძო სკოლებს სხვადასხვა თემატურ ტრენინგებსა და შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებს სთავაზობს. მათი მიზანია სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერა და სხვა.