სიახლეები:

იმიტირებული სასამართლო პროცესი მოსწავლეებისთვის - თბილისი

27 მაი 2019

იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისთვის გრძელდება. ამჯერად, პროექტი ქალაქ თბილისის სკოლებისთვის ჩატარდა. მასში 27 სკოლის 300-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. ფინალური შეხვედრა 1-ელ ივნისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობაში გაიმართება, რომელშიც ქულათა სისტემით გამოვლენილი, ორი გამარჯვებული გუნდი მიიღებს მონაწილეობას. პროექტის პარტნიორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
პროექტის პირველი ეტაპი თბილისის საქალაქო სასამართლოში 25-26 მაისს მიმდინარეობდა. სულ ჩატარდა 12 იმიტირებული პროცესი. გარდა ამისა, მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების, სოციალური უნარების, გუნდური მუშაობისა და ლიდერობის შესახებ. პროექტში გუნდების მოსამზადებლად იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის 49 სტუდენტი მონაწილეობდა.
დასკვნით ეტაპზე, ფინალში, 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, იმიტირებულ სასამართლო პროცესზე გამარჯვებული გუნდი, „საუკეთესო პროკურორები" და „საუკეთესო ადვოკატები" დასახელდებიან. გამარჯვებული გუნდის წევრებს სიმბოლური თასი, სერტიფიკატები და მედლები გადაეცემათ.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და ამ პროექტის მთავარი მიზანია მესამე და მეოთხე საფეხურის სკოლის მოსწავლეებში ხელი შეუწყოს სასამართლო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მართლმსაჯულების და სასამართლოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.