სიახლეები:

მოხალისეებს სერტიფიკატები გადაეცათ

31 მაი 2019

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და სსიპ „იუსტიციის სახლის" წარმომადგენლებმა პროგრამა „მოხალისეს" აპრილის თვის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. პროგრამაში 78 მოხალისე მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ როგორც სტუდენტები, ისე სკოლის მოსწავლეები.
მოხალისეებს სერტიფიკატები დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლადო ჯავახიშვილმა და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნატალია აბაშმაძემ გადასცეს, რომლებმაც პროგრამის მონაწილეებს თანამშრომლობისთვის და მოხალისეობრივი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.
მოხალისეები თბილისის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მოქალაქეების მიღებაში საჭიროების მიხედვით, აპრილის თვის განმავლობაში ეხმარებოდნენ.
პროგრამის მიზანი ახალგაზრდებში მოხალისეობრივი ინიციატივების მხარდაჭერაა. მოხალისეებმა თავდაპირველად გაიარეს თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი იუსტიციის სახლში მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ და დაეუფლნენ მოქალაქეთა მიღებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, გაეცნენ იუსტიციის სახლის მუშაობის სტანდარტებს.
პროგრამა „მოხალისე" აპრილში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული აქციის ფარგლებში მიმდინარეობა, რომელიც უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველი პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისთვის 1 აპრილს დაიწყო. აქციის ფარგლებში მოქალაქეებმა სრულიად უფასოდ შეცვალეს ძველი, უვადო დოკუმენტი ელექტრონული პირადობის მოწმობით და მასთან ერთად, ასევე, უფასოდ მიიღეს საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი. აქცია 1 მაისს დასრულდა.