სიახლეები:

„რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა

18 ივლ 2019

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამების წარმატებული და აქტიური მონაწილეები გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში" დაისვენებენ. ბანაკი ოფიციალურად უკვე გაიხსნა.

ღონისძიება ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ გახსნა. მან ყველა სამთავრობო სტრუქტურას თანამშრომლობისთვის და ბანაკის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ბანაკის გახსნის ცერემონიას სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლადო ჯავახიშვილი დაესწრო.

ღონისძიება ლიდერებისა და მონაწილეების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრებით გაგრძელდა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნითა და დროშის აღმართვით დასრულდა. ბანაკში 1500 მოზარდი დაისვენებს, მათ შორის არიან დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეები.

„რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი" არის ერთ-ერთი პირველი მასშტაბური პროფილური ბანაკი, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელებით გაიუმჯობესონ კვლევითი უნარები, დაეუფლონ ტექნოლოგიურ ინოვაციებს. ბანაკი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და საბანაკე პროგრამა დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც მორგებულია მონაწილეთა ინტერესებსა და ასაკობრივ თავისებურებებზე.