სიახლეები:

ფრანგების სასწავლო ვიზიტი თბილისში

15 ნოე 2019

საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, განრიდების პროგრამებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების გამოცდილების შესწავლისა და გაზიარების მიზნით, საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მომავალი საჯარო მოხელეები სტაჟირებაზე თბილისში იმყოფებიან. სტაჟირების ფარგლებში მომავალი საჯარო მოხელეები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მედიაციის სახლს ესტუმრნენ. შეხვედრას ცენტრის დირექტორი ლადო ჯავახიშვილი, შესაბამისი პროგრამების სპეციალისტებთან და სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს" წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. სტუმრები გაეცნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ არასრულლწოვანთა მართლმსაჯულების ინოვაციურ კოდექსს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის პრაქტიკაში დანერგნვისა და მომზადების პროცესს, განრიდების პროგრამებს, აღდგენითი მართლმსაჯულების არსებულ გამოცდილებასა და მიღწევებს, არასაპატიმრო სასჯელების აღსრულების სპეციფიკას და სოციალური მუშაკის როლს პრობაციის სისტემაში. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ამ მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებსაც.
 
მოგვიანებით სტუმრები სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს" ესტუმრნენ და სააგენტოს სარეაბილიტაციო სერვისებს გაეცნენ, დაათვალიერეს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მონიტორინგის ცენტრიც. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სააგენტოსთვის პრიორიტეტულია მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, რაც საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისგან დაცვის წინაპირობაცაა.
 
საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მომავალი საჯარო მოხელეები მოკლევადიან სტაჟირებას თბილისში 22 ნოემბრამდე გაივლიან, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შეხვედრები როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის, იუსტიციის სასწავლო ცენტრის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იურიდიული დახმარების სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელებთან. ასევე, მნიშვნელოვანი გაცნობითი შეხვედრები იგეგმება იმ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი რეფორმის პროცესში და აქტიურად უჭერდნენ მხარს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განვითარებას საქართველოში.