სიახლეები:

აღდგენითი მართლმსაჯულება - შეხვედრა სტუდენტებთან

03 ნოე 2019

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, აღდგენითი მართლმსაჯულება, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის პოლიტიკა და დაგეგმილი რეფორმები, - ეს არასრული ჩამონათვალია ის თემების, რომლების შესახებაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მედიაციის სახლში გამართულ შეხვედრაზე დაინტერესდნენ. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი ლადო ჯავახიშვილი და განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსი მორის ბარამია შეხვდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პარლამენტში გრძელდება იმ კანონპროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც სსიპ "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო” და სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრი” გაერთიანდება და მათ ბაზაზე სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო" ჩამოყალიბდება. ამ ახალი სააგენტოს ბაზაზე შეიქმნება ახალი სტრუქტურული ერთეულიც - არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომელიც არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის კოორდინაციას განახორციელებს.

რეფერირების ცენტრი უზრუნველყოფს რთული ქცევის მქონე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი ბავშვებისათვის შესაბამისი სერვისების შეთავაზებას. უფრო მეტიც, შეიმუშავებს და განახორციელებს რეფერირების სრულყოფილ, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებულ მექანიზმსა და პროცედურებს. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ასევე აღდგენითი მართლმსაჯულების ისტორიას, ამ მიმართულებით საერთაშორისო მიდგომებსა და ქართულ გამოცდილებას, განრიდების პროგრამებს და სხვა. აღნიშნული შეხვედრა უშუალოდ სტუდენტების თხოვნით გაიმართა და მისი მიზანი იყო დანაშაულის პრევენციის ცენტრის საქმიანობის გაცნობა, ასევე არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის პოლიტიკისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაციის მიღება. მსგავსი შეხვედრები სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთანაც გაიმართება.