სიახლეები:

გრძელდება პროექტი „კიბერბულინგი და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება"

02 ნოე 2019

სკოლის მოსწავლეებში კიბერბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ამ მიმართულებით უარყოფითი რისკების თავიდან არიდების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში განაგრძობს პროექტს - „კიბერბულინგი და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება".
 
პროექტის ფარგლებში სკოლებში ჩატარებული საინფორმაციო ღონისძიებები მიზნად ისახავს მოზარდებში ინტერნეტის მოხმარებისას უსაფრთხოების წესებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ უნარების გაძლიერებას, პრობლემის მოგვარების სტრატეგიების დასახვასა და სხვა. აღნიშნული ტრენინგი ეხმარება მოსწავლეს, გააცნობიეროს ინტერნეტსივრცეში არსებული შესაძლო საფრთხეები და მსჯელობს პრობლემის გადაჭრის გზებზე. მთავარი გზავნილი, რასაც აღნიშნული ტრენინგი მოიცავს, არის საკუთარი თავის დაცვაზე ორიენტაცია. კერძოდ, პროექტი გულისხმობს განსაკუთრებულ სიფრთხილეს პერსონალური და პირადი ინფორმაციის გაცემის დროს რეაგირების საუკეთესო სტრატეგიებისა და ამავდროულად, დაუყონებლივი მოქმედების მექანიზმების გაცნობას. 
 
დანაშაულის პრევენციის ცენტრის არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამმართველო აღნიშნულ პროექტს ბენეფიციარების მომართვიანობის შესაბამისად განაგრძობს. ცენტრი სხვადასხვა პრევენციული პროექტისა თუ პროგრამის საშუალებით უზრუნველყოფს სამიზნე ჯგუფის გაძლიერებას შესაძლო უარყოფითი რისკებისგან დაცვის მიზნით. ტრენინგები საჯარო სკოლებში ეტაპობრივად, საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამჟამად, უკვე ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა/ტრენინგი 17 სკოლაში (2 მარნეულში, 3 კასპის მუნიციპალიტეტში და 12 თბილისში). კიბერბულინგი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფარული ან აშკარა დაშინების მიზნით განხორციელებული ქმედებაა.