სიახლეები:

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა

27 სექ 2019

,,ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის პროცესში", - ამ თემაზე, ქალაქ ზუგდიდში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მასში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არასრულწლოვნებთან მომუშავე სახელმწიფო უწყებების, მუნიციპალიტეტების მერიისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) ურთიერთთანამშრომლობით შედგა.
 
მონაწილეებმა იმსჯელეს კანონთან კონფლიქტში მყოფი და დანაშაულის ჩადენის რისკის მქონე მოზარდებისთვის ადგილობრივ დონეზე სერვისების შემუშავება-დანერგვაზე, არსებულ მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. თვითმმართველობის დონეზე არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ეფექტური ღონისძიებების დანერგვის მიზნით გამართული განხილვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, ასევე, იყო რეგიონში უწყებათაშორისი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ბაზაზე საკოორდინაციო მექანიზმის შემუშავება.
 
სამუშაო შეხვედრა და ტრენინგი გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა” ფარგლებში, რომელსაც წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.