სიახლეები:

ბავშვთა უფლებები - საინფორმაციო კამპანია სკოლის მოსწავლეებისთვის

27 ნოე 2019

ბავშვის უფლებათა დაცვის და ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო  კამპანიის ფარგლებში,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრი" სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა შინაარსის ტრენინგებს განაგრძობს. ამჯერად,  დანაშაულის პრევენციის ცენტრის არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამმართველოს წარმომადგენლებმა შესაბამისი ტრენინგები გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების სოფლების გარდა, თბილისის საჯარო სკოლებშიც ჩაატარეს. ტრენინგზე  ინტერაქციული მეთოდებით განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორიცაა ბავშვთა მიმართ არსებული ძალადობა, ბულინგი, პერსონალური ინფორმაციის მნიშვნელობა, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, სოციალური პასუხისმგებლობა  და ძალადობისაგან დაცვის  სტრატეგიები. ტრენინგის მიზანია ბავშვთა ცნობიერების ამაღლება ძალადობისა და ძალადობისგან დაცვის,  მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, ოჯახისა და თემის მხარდაჭერის მნიშვნელობის გააზრებისა და შესაბამისი უნარების სწავლების შესახებ.
 
 
დანაშაულის პრევენციის ცენტრი აღნიშნულ პროექტებს საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე ბენეფიციარების მომართვიანობისა და საჭიროების შესაბამისად ახორციელებს. ცენტრი პრევენციული პროექტისა თუ პროგრამის საშუალებით უზრუნველყოფს სამიზნე ჯგუფის გაძლიერებას შესაძლო უარყოფითი რისკებისგან დაცვის მიზნით. ტრენინგები საჯარო სკოლებსა და სათემო ცენტრებში ეტაპობრივად, საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და წლის ბოლომდე გაგრძელდება.