სიახლეები:

პროექტი „მოზარდი და სამართალი“ გრძელდება

04 დეკ 2019

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" პროექტის „მოზარდი და სამართალი" ფარგლებში არასრულწლოვნებთან საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად,  შეხვედრები კახეთის რეგიონის (ნუკრიანი, წნორი, შაშიანი, შილდა, ახალსოფელი, კაბალი, კაჭრეთი, იორმუღანლო) 6 საზოგადოებრივ ცენტრსა და 2 საჯარო სკოლაში გაიმართა. პროექტში ამ ეტაპზე უკვე 200-მდე 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი ჩაერთო.
 
პროექტს „მოზარდი და სამართალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი", სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობით მართავს და მისი მიზანია მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.
 
პროექტის ფარგლებში მოზარდებისთვის ინტერაქტიული მეთოდების საფუძველზე ტარდება ტრენინგები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობით წინასწარ მომზადებული ტრენინგ-მოდულის საფუძველზეა შემუშავებული. ტრენინგ-მოდული მოიცავს შემდეგ საკითხებს: ოჯახში ძალადობა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის მექანიზმები; ნარკოტიკული დანაშაული; კიბერდანაშაული და მასთან ბრძოლის მექანიზმები; ქურდობა, თაღლითობა, განსაცდელში მიტოვება, ცრუ დასმენა, ცრუ ჩვენების მიცემა, დანაშაულის შეუტყობინებლობა, დანაშულის დაფარვა, პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევა და სხვა. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება სამართალდამცავებთან საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობის მნიშვნელობასა და უცილებლობაზე.
 
ტრენინგებს უძღვებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სპეციალურად გადამზადებული სტუდენტები.
 
დანაშაულის პრევენციის ცენტრი აღნიშნულ პროექტს ბენეფიციარების მომართვიანობისა და საჭიროების შესაბამისად ახორციელებს. ცენტრი სხვადასხვა პრევენციული პროექტის, პროგრამისა თუ აქტივობის ფარგლებში განაგრძობს მუშაობას დანაშაულის პრევენციის მიმართულებით. ტრენინგები საჯარო სკოლებში ეტაპობრივად, საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და წლის ბოლომდე გაგრძელდება.