სიახლეები:

განრიდებული მოზარდებისთვის კინოჩვენებები დაიწყო

20 დეკ 2019

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით, მედიაციის სახლში, დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა „კინოკლუბი" გრძელდება.

პროექტის განმავლობაში ახალგაზრდები ნახავენ 10, სპეციალურად შერჩეულ, ქართულ და უცხოურ ფილმს, რომელიც შეირჩა კინომცოდნეების, ფსიქოლოგებისა და განათლების ექსპერტების მიერ. თითოეული კინოჩვენების შემდეგ იმართება დისკუსია, სადაც მოწვეული სპეციალისტები მოზარდებთან ერთად განიხილავენ ფილმში დასმულ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს. 

„კინოკლუბში" გაწევრიანებული არიან 14 -დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდები და მისი მიზანია მოზარდებში ანალიტიკური აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარების, ქართული და მსოფლიო კინოისტორიის შესწავლისა, და თავისუფალი დროის  სწორად მართვის გზით დანაშაულის ადრეული პრევენცია. 

კინოჩვენება „მედიაციის სახლში" ყოველკვირეულად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ახალგაზრდებს ასევე ეძლევათ შესაძლებლობა შეხვდნენ თანამედროვე ქართულ ფილმებში მონაწილე მსახიობებს, რეჟისორებს და შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები, გამართონ დისკუსია, რომელსაც კინოცენტრის მიერ მოვლენილი კინომცოდნე წარმართავს.