არასრულწლოვანთა განრიდება

განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯმენტს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" 2013 წლიდან ახორციელებს. პროგრამა 2013 წლამდე საპილოტე რეჟიმში მოქმედებდა და ეტაპობრივად ემატებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქი, ხოლო 2013 წლის აგვისტოდან მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით. 2014 წელს განრიდების მექანიზმის გასაუმჯობესებლად განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, 2016 წელს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების შემდეგ კი პროგრამა კიდევ უფრო გავითარდა და გაფართოვდა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების შედეგად განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამა წარმოადგენს 21 წლამდე ასაკის პირისათვის ერთი შანსს, გარკვეული პირობის შესრულების სანაცვლოდ განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობის, სასჯელის გარეშე, დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება და გადადგას ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ.

განრიდება და მედიაცია წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიულ მექანიზმს, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი. ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების შემდეგ მოსამართლე უფლებამოსილიაგანრიდების მიზნით, საქმე დაუბრუნოს პროკურორს როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე. პროგრამა საშუალებას აძლევს პროკურორს, არ დაიწყოს/შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და, ამავე დროს, არ დატოვოს დანაშაულის ფაქტი და დაზარალებულის ინტერესი რეაგირების გარეშე.

განრიდების მექანიზმი ხელს უწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის მართლშეგნების ამაღლებას, მის რესოციალიზაციას, რეაბილიტაციას და ითვალისწინებს დაზარალებულის ინტერესებს.

განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების, როგორც მთლიანობის, გაჯანსაღებაზე.

პროგრამის მიზნები:

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს ლიბერალიზაცია;
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული მექანიზმების ანერგვა;
არასრულწლოვნის მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის პრევენცია;
არასრულწლოვნის რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია;
საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაუმჯობესება.

პროგრამის პრინციპები:

-ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების მაქსიმალური ხელშეწყობა

-ნებაყოფლობითობა

-პროპორციულობა

-კონფიდენციალურობა

-სტიგმატიზაციის დაუშვებლობა

-არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინება


21 წლამდე ასაკის პირის(14 წლის ასაკიდან) მიმართ განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი გარემოებების ერთობლივი არსებობის პირობებში:

  • ჩადენილია ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, ე.ი. ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებული სასჯელი არ აღემატება 10 წლით თავისუფლების აღკვეთას;
  • 21 წლამდე ასაკის პირი არ არის ნასამართლევი;
  • 21 წლამდე ასაკის პირს ადრე არ აქვს მონაწილეობა მიღებული განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში;
  • არასრულწლოვანი აღიარებს დანაშაულს და თანახმაა, მონაწილეობა მიიღოს განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში;
  • არ არსებობს ისეთი გარემოებები, რაც აუცილებელს ხდის პირის სისხლისსამართლებრივ დევნას.

 

განრიდების პროცესი

თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ 21 წლამდე ასაკის პირმა ჩაიდინა დანაშაული, პროკურორი უფლებამოსილია არ დაიწყოს/შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და მის მიმართ გამოიყენოს განრიდების მექანიზმი. 21 წლამდე ასაკის პირის განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი დაუკავშირდება პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს საქმის კონკრეტული სოციალური მუშაკისთვის დაწერას. სოციალური მუშაკი შეიმუშავებს განსარიდებლის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, განრიდების სარეკომენდაციო ღონისძიებებს და ხელშეკრულების სარეკომენდაციო პირობებს. ანგარიშის საფუძველზე პროკურორი სოციალურ მუშაკთან, ხოლო მედიაციის შემთხვევაში - მედიატორთან ერთად განსაზღვრავს განრიდების ღონისძიებას და ხელშეკრულების პირობებს. პირობების ჩამოყალიბებისას პროკურორი, სოციალური მუშაკი და მედიატორი ითვალისწინებენ დაზარალებულის ინტერესს და მოქმედებენ განსარიდებლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობად აგრეთვე შეიძლება განისაზღვროს, ზიანის ანაზღაურება ან/და დაზარალებულისთვის ბოდიშის მოხდა საქმის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით.


გარდა ზემოაღნიშნულისა, მას შემდეგ, რაც პროკურორი მიიღებს განრიდების გადაწყვეტილებას და საქმეს ჰყავს დაზარალებული, საქმეში ერთვება მედიატორი, რომელიც არის ნეიტრალური პირი. მედიატორის მიზანია დაზარალებულსა და დანაშაულის ჩამდენ განსარიდებელს შორის მოლაპარაკების წარმოება, შერიგებაში დახმარება და ზიანის ანაზღაურების ფორმაზე შეთანხმება. მედიატორი დაზარალებულსა და განსარიდებელს აწვდის დეტალურ ინფორმაციას მედიაციის არსის, პროცედურების შესახებ და უხსნის მათ მედიაციის მნიშვნელობას. დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში, მოლაპარაკების პროცესის დასრულების შემდეგ მედიატორი მართავს შეხვედრას (ე.წ. მედიაციის კონფერენციას) რა დროსაც დაზარალებული და განსარიდებელი პირადად ხვდებიან ერთმანეთს. ყველა მხარესთან შეთანხმებით დგება სამოქალაქო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ: განსარიდებელი, მისი კანონიერი წარმომადგენელი (არასრულწლოვნის განრიდების შემთხვევაში), მედიატორი და დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირი. ხელშეკრულების შესაბამისად, განრიდების ღონისძიებასთან ერთად 21 წლამდე ასაკის პირს მიეწოდება მისთვის საჭირო სერვისები და დაეკისრება დაზარალებულის ან/და საზოგადოების წინაშე მოვალეობები, რომელთა შემუშავებაში მედიატორიც მონაწილეობს. განრიდებულს დაეხმარებიან სახელმწიფო და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია.

იმ შემთხვევაში, თუ საქმეს არ ჰყავს დაზარალებული, ან დაზარალებული წინააღმდეგია მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე, აღნიშნული არ აბრკოლებს განრიდების პროცესს და პროკურორი უფლებამოსილია გააფორმოს 21 წლამდე ასაკის პირთან ხელშეკრულება განრიდების შესახებ. ამასთან, დაზარალებულს უფლება აქვს ნებისმიერ დროს ჩაერთოს მედიაციის პროცესში. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პროგრამაში ჩართული პირის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებას მეთვალყურეობას უწევს სოციალური მუშაკი. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მან არ გამოიყენოს მისთვის მიცემული შანსი და დაარღვიოს ხელშეკრულების პირობები. ამ შემთხვევაში, სოციალური მუშაკი ინფორმაციას აწვდის პროკურორს, რომელიც უფლებამოსილია ხელახლა დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა მის მიმართ. ასეთი შესაძლებლობის არსებობამ კარგად უნდა დააფიქროს განრიდებული და უზრუნველყოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.

2014 წლის ნოემბრამდე დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნის განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართვა შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში თუ მის მიერ ჩადენილი დანაშაული წარმოადგენდა ნაკლებად მძიმე დანაშაულს. 2014 წლის 11 ნოემბრიდან პროგრამა გავრცელდა მძიმე კატეგორიის დანაშაულებზეც. აღნიშნული ცვლილებებით შეიცვალა და დაიხვეწა 2010 წლიდან პროგრამის პრაქტიკაში გამოყენებისას გამოვლენილი ხარვეზები და სხვადასხვა პროცედურული საკითხებიც. მათ შორის, დაწესდა პროგრამაში მომუშავე პროფესიონალთათვის სამუშაო ვადები. ასევე, თუ წინათ მედიაციის შესახებ დაზარალებულს ინფორმაციას პროკურორი აწვდიდა და მხოლოდ დაზარალებულის მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე თანხმობის შემთხვევაში ერთვებოდა მედიატორი, დღეისათვის იგი პროცესში პროკურორის მიერ განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე ერთვება, რაც ზრდის მედიაციით დასრულებული საქმეების რაოდენობას. შესაბამისად, ამცირებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულსა და განრიდებულს შორის წარმოშობილი კონფლიქტების რაოდენობას და ზრდის კმაყოფილ დაზარალებულთა რიცხვს.

2016 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა საქართველოს კანონი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი", რომელის მიხედვითაც ბევრ სხვა ნოვაციასთან ერთად კიდევ უფრო დაიხვეწა და გაუმჯობესდა განრიდების მექანიზმი. კოდექსის მიხედვით, განრიდება გახდა პრიორიტეტული და კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში, პროკურორი ვალდებულია პირველ რიგში, განიხილოს განრიდების შესაძლებლობა და მხოლოდ შემდეგ დაიწყოს ფიქრი სისხლისსამართლებრივ დევნაზე. განრიდება გავრცელდა 14-18 წლის არასრულწლოვნების გარდა, 18-დან 21 წლამდე პირებზეც. განრიდების უფლებამოსილება აგრეთვე მიენიჭა სასამართლოსაც. კერძოდ, 2016 წლის 1-ლი იანვრიდან მოსამართლე უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით, ან/და საკუთარი ინიციატივით საქმე დაუბრუნოს პროკურორს განრიდების მიზნით. მნიშვნელოვანი ცვლილება აგრეთვე არის ის, რომ მედიატორის როლი კიდევ უფრო გაიზარდა. კოდექსის მიხედვით, პროკურორისა და სოციალური მუშაკის დასწრება მედიაციის კონფერენციაზე სავალდებულო აღარ არის.

რეფორმების შედეგად, გაიზარდა განრიდების გამოყენების მაჩვენებელი და შესაძლებელი გახდა უფრო მეტი კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის განრიდება სისხლისსამართლებრივი დევნისაგან.

2014 წლის ანგარიში 

2015 წლის 6 თვის ანგარიში

2015 წლის ანგარიში 

2016 წლის 6 თვის ანგარიში 

2016 წლის ანგარიში 

2017 წლის 6 თვის ანგარიში 

2017 წლის ანგარიში 

2018 წლის 6 თვის ანგარიში 

2018 წლის ანგარიში

2019 წლის 6 თვის ანგარიში