რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2012 წლის ბოლოს დაიწყო რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა ყოფილ მსჯავრდებულთა დასახმარებლად. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.

მსჯავრდებულებთან მუშაობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იწყება გათავისუფლებამდე 1-3 თვით ადრე. მათ მიეწოდებათ ინფორმაცია პროგრამისა და იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სთავაზობს.

რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ყოფილი მსჯავრდებულების ჩართულობა ნებაყოფლობითია. მათი მომართვის შემდეგ თითოეულ ბენეფიციართან ინდივიდუალურად მუშაობს დასახელებული ცენტრის სოციალური მუშაკი, რომელიც მათი საქმის მენეჯერია.

სოციალური მუშაკი შეფასების ფორმის გამოყენებით ახდენს მსჯავრდებულის ბიოფსიქოსოციალურ შეფასებას და მისი საჭიროებებიდან გამომდინარე, რთავს სარეაბილიტაციო პროგრამებში.

პროცესის დასრულებამდე სოციალური მუშაკი აგრძელებს ყოფილ პატიმარსა და მის ოჯახთან მუშაობას და მონიტორინგს ახორციელებს აღნიშნულ პროგრამებში მის ჩართულობასთან დაკავშირებით. ყოფილ მსჯავრდებულთან სოციალური მუშაკი მუშაობს საშუალოდ ექვსი თვის განმავლობაში.

რესოციალიზაციის პროცესის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით ეტაპობრივად ხორციელდება მომსახურებების მოძიება და განახლება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შექმნილია მომსახურებების ბაზის ელექტრონული ვერსია, რომელიც სოციალურ მუშაკებს მუშაობას უადვილებს.

სერვისების განვითარების მიზნით არსებობს საგრანტო კონკურსი, რომელშიც გამარჯვებული ორგანიზაციები პროგრამის ბენეფიციარებს სთავაზობენ მომსახურებებს.

რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობა, რისთვისაც ჩამოყალიბებულია რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის გაერთიანებული ჯგუფი. ჯგუფი ეტაპობრივად მართავს სამუშაო შეხვედრებს. მისი მუშაობის ფარგლებში შეიქმნება რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია.

რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ცხელი ხაზია: 2 145145

პროგრამის სერვისები