მედიაცია

მედიაცია, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. აქედან გამომდინარე, ცენტრი აქტიურად მუშაობს მედიაციის განვითარებასა და დანერგვაზე. 
2010 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, რომლის მენეჯმენტსაც ახორციელებს დანაშაულის პრევენციის ცენტრი. მედიატორები, რომლებიც აღდგენითი მართლმსაჯულების წარმატებით განხორციელების მიზნით კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდსა და დაზარალებულთან მუშაობენ, ჩვენი ცენტრის თანამშრომლები არიან. განრიდებისა და მედიაციის პროგრამის შედეგების ანალიზი აჩვენებს, რომ მედიაციის გამოყენებით განხორციელებულ განრიდების შემთხვევათა დიდი უმრავლესობა წარმატებით დასრულდა და განმეორებით ჩადენილი დანაშაულის რიცხვი ძალიან დაბალია. აღნიშნულმა წარმატებულმა გამოცდილებამ დანაშაულის პრევენციის ცენტრს მედიაციის მიმართულებით ახალი პროგრამების დანერგვის შესაძლებლობა მისცა.
მედიაციის სფეროს განვითარების სტრატეგიის წარმართვისა და ეფექტიანი მენეჯმენტის მიზნით 2014 წელს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბაზაზე მედიაციის სახლი გაიხსნა. 
მედიაციის სახლის მიზანს მედიაციის მეთოდის გამოყენებით დანაშაულის პრევენცია წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად ცენტრი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს.

 მედიაციის სახლის ამოცანები
•მედიატორის საქმიანობის სტანდარტის შემუშავება/დახვეწა, მედიატორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა;
•მედიატორთა სასწავლო მოდულების შემუშავება/დანერგვა;
•მედიაციის ინსტიტუტის გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით;
•სისხლის სამართლის მედიაციის ფორმების დახვეწა და პრაქტიკაში დანერგვა;
•სისხლის სამართლის მედიაციის გამოყენების სფეროების გაფართოება;
•სამუშაო სივრცის შექმნა დედაქალაქში მიმდინარე მედიაციის შემთხვევების წარმართვისთვის;
•რესურსცენტრის შექმნა მედიატორებისა და მედიაციით დაინტერესებული პირებისთვის.
სამომავლოდ მედიაციის სახლი შეეცდება, აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით განავრცოს მედიაციის გამოყენების არეალი, რაც იმას ნიშნავს, რომ მედიაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ განრიდების შემთხვევაში, არამედ სასჯელის პარალელურად; ასევე, პატიმრობის შემდგომ, როგორც დამნაშავის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისა და, ასევე, დაზარალებულის რეაბილიტაციის საშუალება.

მედიაცია - მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიცია