საგრანტო პროგრამები

2012 წლის იანვრიდან იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო გრანტების გაცემა არასამთავრობო სექტორისათვის. სსიპ „დანაშაულის პრევენციის  ცენტრი" თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს საგრანტო პროგრამას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

საგრანტო პროგრამის მიზანია იუსტიციის სამინისტროს სისტემის კომპეტენციის სფეროში აქტუალური და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება მიმართულებების აქტუალურობის, გეოგრაფიული გავრცელებისა და ბენეფიციარების რაოდენობის შესაბამისად.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ან მის ფილიალს, რომელიც აკმაყოფილებს კონკრეტული საგრანტო პროგრამის მოთხოვნებს.

საგრანტო განაცხადებს იხილავს და გამარჯვებულებს ავლენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ შექმნილი საგრანტო საბჭო, რომელიც აერთიანებს შესაბამის თემაზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის ექსპერტებს.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი".

იუსტიციის სამინისტრო გრანტს გასცემს თავისუფალი კონკურენციის, ეფექტიანობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, კანონის წინაშე თანასწორობის, დამოუკიდებლობისა და კოორდინირებულობის პრინციპების დაცვით.