დავით ჯარმელიშვილის ისტორია

 
ვაზი საოკუპაციო ხაზზე, ქართული და ევროპული ღვინო - ზემო არცევიდან დევნილი ყოფილი პატიმრის დავით ჯარმელიშვილის ბიზნესგეგმამ ამ კომპონენტებით გაიმარჯვა და წარმატებულიც გამოდგა. ყოფილი პატიმარი, ამჟამად, გორის რაიონის სოფელ ახალუბანში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
„აქედან ვუყურებთ ჩვენ სალოცავს, გადამწვარ სოფელს... 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, რუსები აკონტროლებენ მამა-პაპისეულ სახლ-კარს. შემართული ვარ, რომ ე.წ. საზღვრის იქიდან მტერმაც და მოყვარემაც დაინახოს, როგორ ვაძლიერებთ ქართულ სოფელს", - ყვება დავით ჯარმელიშვილი.
დევნილობის პერიოდში, 2011 წელს იგი პოლიტიკური საქმიანობის გამო დააპატიმრეს, ხოლო  ამნისტიის შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. 2015 წელს „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში" ჩაერთო. მონაწილეობა მიიღო იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტში -„ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა". დავით ჯარმელიშვილი ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ, ქართული და ევროპული ვაზის ჯიშებს უვლის და სხვადასხვა დასახელების ღვინოს ამზადებს.
„ჩვენ გენებში გვაქვს ვაზის მოვლის კულტურა და ვაზიც დაგვლოცავს", - აღნიშნავს ჯარმელიშვილი.