ალექსი წეველიძის ისტორია

 
ალექსი წეველიძე გორის მუნიციპალიტეტში დაიბადა. პროფესიით ვეტერინარია. წლების განმავლობაში სწორედ ამ სფეროში მუშაობდა. მეგობრებთან ერთად ბიზნესსაქმიანობაც გადაწყვიტა და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფერმის მფლობელიც გახდა. ხუთწლიანმა შრომამ და წარმატებულმა ბიზნესმა მოულოდნელად უკუსვლა დაიწყო… 2006 წელს, ბიზნესში შექმნილ პრობლემებს მისი დაკავებაც მოჰყვა.
 
დაკავებისას, როგორც თავად ყვება, „ერთმა სპეცრაზმელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ცეცხლსასროლი იარაღის კონდახი თვალში ჩაარტყა, რის გამოც, მან თვალი დაკარგა". შემდეგ იყო უკვე საპატიმროში გატარებული უმძიმესი წლები. გათავისუფლების შემდეგ, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, გორის რაიონიდან მაღალმთიამ აჭარაში, ოჯახთან ერთად გადასახლდა.
 
ახლა სურს, რომ წარსული დაივიწყოს და ბიზნესში ბედი კიდევ ერთხელ სცადოს. ყოფილ პატიმარს იდეების განხორციელებაში იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" დაეხმარა, რომელმაც ბიზნესიდეა დაუფინანსა და სოკოსთვის საჭირო ინვენტარი შეუძინა.
 
წეველიძის თქმით, მზიანი აჭარა ახალ შესაძლებლობებს აძლევს და აქ ოჯახთან ერთად ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო.