მამუკა ცინცქილაძის ისტორია

 
მამუკა ცინცქილაძე ქალაქ ბათუმში ცხოვრობს. პროფესიით კინოოპერატორია. კარგად ახსენდება დრო, როდესაც ხელოვნების უნივერსიტეტში ახალგაზრდებს ლექციებს უკითხავდა... წლების წინ, პროფესიით მუშაობას შეეშვა, რადგან, როგორც თავად ამბობს, „მთავრობა გაანაწყენა" და ციხეში მოხვდა.
 
საპყრობილეში გატარებულ წლებზე ამბობს, რომ მარიხუანას მოწევით, არაფერს აშავებდა და ამიტომაც, ციხეს არ იმსახურებდა. დღესდღეობით, თავისუფალია და მისი დღე  სახლში, შვილებთან ურთიერთობით იწყება. მას  3 მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე დედა და ბებია ჰყავს. ასევე, დიდ „ყურადღებას უთმობს" 2 თხას - „მარგარიტას" და „რემბოს". ამბობს, რომ ცხოველებსაც მზრუნველობა სჭირდება.
 
საპყრობილის დატოვების შემდეგ, პროფესია შეიცვალა - ჩაერთო „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამაში";  მონაწილეობა მიიღო იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში  და დაფინანსებაც მოიპოვა. ახლა უკვე მექანიკოს-ზეინკალმა პროფესიისთვის მნიშვნელოვანი ხელსაწყოები შეიძინა, მუშაობას აქტიურად შეუდგა და მოგებაც ნახა, რაც, მისივე თქმით, ოჯახის რჩენასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან დაეხმარა. სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. ამბობს, რომ შრომა არ ეზარება. მთავარ აქცენტს კი შვილებზე აკეთებს.