მარინა წიქარიშვილის ისტორია

 
მარინა წიქარიშვილმა იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის დაფინანსებით მარნეულის რაიონის სოფელ შულავერში მოზარდი გოგონებისთვის ხელსაქმის შესასწავლი სტუდია - Hobby House - გახსნა.
 
„ვცხოვრობდი სოფელ შულავერში. ამნისტიის შემდეგ დადგა ჩემი შრომითი მოწყობის საკითხი. კარგად ვიცოდი რა პრობლემები აქვთ აქ ახალგაზრდა ქალებს, გოგონებს... გოგონები აქ ძალიან პატარები თხოვდებიან. სკოლის გარდა კი არანაირი დაინტერესებაა. ვფიქრობდი, რომ მათთვის ძალიან საჭიროა რაიმე სახის სპეციალობის სწავლება. 2015 წელს დავწერე ბიზნესგეგმა, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა. ეს არის ჩემთვის როგორც მორალური, ისე მატერიალური დახმარება და ძალიან დიდი სიკეთე აქაური გოგონებისთვის", - ამბობს მარინა წიქარიშვილი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბენეფიციარია.
 
სტუდიაში გოგონები  ხელსაქმეს ეუფლებიან. მოსწავლეები სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობენ და მათი ნამუშევრები დიდ მოწონებას იმსახურებენ. ხელსაქმის სტუდიაში ისწავლება ქსოვა, ქარგვა, მძივებით გაფორმება და თექაზე მუშაობა. გარდა ამისა, სტუდია ეროვნული უმცირესობებისთვის ქართულ ენაზე კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა.